ქალის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ მიუხედავად სირთულეებისა განაგრძოს სვლა და განაგრძოს განვითარება - თამარ ზარანდია

ქალის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ მიუხედავად სირთულეებისა განაგრძოს სვლა და განაგრძოს განვითარება - თამარ ზარანდია

თამარ ზარანდია სოხუმელია. საინტერესო ბიოგრაფიის მქონე წარმატებული იურისტი უკვე სამი წელია თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანია, 2010 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წლების განმავლობაში  ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის მკვლევარი გახლდათ. თამარ ზარანდია  სამართლის დოქტორია, იგი რამდენიმე წელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც  იურიდიულ ფაკულტეტს   ხელმძღვანელობდა. 

2016 წლიდან იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის /ავტორიზაციის საბჭოს წევრი,  მოგვიანებით,  ჯერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, ამჟამად კი თავმჯდომარის მოადგილეა.

სოხუმელი პროფესორი  50-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის ავტორია კერძო სამართლის სფეროში, მათ შორის ორი მონოგრაფიული კვლევა და სახელმძღვანელოა.

თამარ ზარანდია  თვლის, რომ საქართველოში ქალები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან და ურჩევს მათ,  არ შეუშინდეთ სირთულეებს. 

❞ქალის სიძლიერე გამოიხატება იმაში, რომ მიუხედავად სირთულეებისა განაგრძოს სვლა და განაგრძოს განვითარება❝,- თამარ ზარანდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

ქალთა  გაძლიერებას  და წარმატებას  მეტი თანამედროვე განათლება განაპირობებს - აღნიშნავს პროფესორი.  

თამარ ზარანდია   აქტიურადაა  ჩართული  ყველა იმ პროექტში, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება. როგორც თავად  აღნიშნავს, ყველგან და ყოველთვის სიამაყით ამბობს, რომ ის სოხუმელია. ის, რომ მისი მოგონებების სოხუმი მულტიკულტურული, ძალიან მრავალფეროვანი და ევროპული ქალაქია.