ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული ემოციური ინტელექტი, რაც უმნიშვნელოვანესია დიალოგის დასაწყებად  - ნანა დიხამინჯია

ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული ემოციური ინტელექტი, რაც უმნიშვნელოვანესია დიალოგის დასაწყებად - ნანა დიხამინჯია

ნანა დიხამინჯია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორია, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულების პროფესორი. 

ახალგაზრდა მეცნიერი  I.C.A პროექტში ,,Women of Abkhazia“ ქალებს ურჩევს, რომ არასოდეს არ მოექცნენ სტერეოტიპების წნეხის ქვეშ, იყვნენ დამოუკიდებელნი და თამამად ისაუბრონ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.  

საკუთარ სფეროში წარმატებული სოხუმელი პროფესორი ქალების მნიშვნელოვან როლსა და ჩართულობაზე საუბრობს მშვიდობის დამყარების პროცესში. 

,,ქალებს უკეთ აქვთ განვითარებული ემოციური ინტელექტი, უფრო მეტად ახასიათებთ ემპათია და უფრო შემწყნარებლები არიან, რაც უმნიშვნელოვანესია დიალოგის დასაწყებად და კონფლიქტის მოგვარებისთვის.’’- ნანა დიხამინჯია 

ნანა დიხამინჯია პროფესიით მათემატიკოსია. სადოქტორო გამოყენებით მათემატიკაში აქვს დაცული, პროგრამირების სფეროში კი 22 წლიდან მუშაობს. წლების განმავლობაში მუშაობდა საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკში“ ჯერ გეოსაინფორმაციო სისტემების მიმართულების პროგრამისტად, შემდგომ კი ექსპერტად. მუშაობდა ი. ვეკუას სახელობის თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მკვლევარად. 

ოთხი წელი, როგორც მოწვეული ასისტენტ მკვლევარ-პროფესორი მუშაობდა მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელექტრომაგნიტური თავსებადობის  ლაბორატორიაში. ამერიკაში მუშაობის პერიოდში, მიიღო შეთავაზება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამების ხელმძღვანელად და მალევე დათანხმდა.  


ახალგაზრდა მეცნიერმა ამ მიმართულების განვითარების მიზნით აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა   სან-დიეგოს უნივერსიტეტთან.