ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!

ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რიგით 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი აირჩია.

 „ეს არის ამერიკის დღე! ეს გახლავთ დემოკრატიის დღე!“

ეს სიტყვები ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა ბიბლიაზე ფიცის დადების შემდეგ წარმოთქვა.

 

ამერიკის 46-ე პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ინაუგურაცია ტრადიციულად  ქვეყნის დემოკრატიის მთავარ სიმბოლოსთან - კაპიტოლიუმის შენობის წინ გაიმართა.

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო ფიცის დადების ცერემონია განსხვავებულად ჩატარდა, მას 1000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, რაც შეზღუდვებით არის გათვალისწინებული. ხოლო ხალხის ნაცვლად მაყურებელთა რიგებს 200 000 ამერიკის დროშა ამშვენებდა. მიღებული იყო უსაფრთხოების უმაღლესი ზომა, ეროვნული გვარდიის 25000 სამხედრო, ვაშინგტონსა და კაპიტოლიუმს იცავდა.

ინაუგურაცია

ღონისძიებაზე, ამერიკის ეროვნული ჰიმნი პოპ-ვარსკვლავმა ლედი გაგამ შეასრულა. საგულისხმოა, რომ ლედი გაგასა და ჯო ბაიდენის ურთიერთობა სათავეს მათი ერთობლივი ინიციატივიდან იღებს, როდესაც ისინი კოლეჯის კამპუსებში სექსუალური ძალადობის აღმოფხვრას ცდილობდნენ. 

 

ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.

ფიცის დადების შემდეგ, ახალარჩეული პრეზიდენტის მიმართვა გულწრფელობით გამოირჩეოდა. ბაიდენმა ისაუბრა გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დგას ამერიკა და მსოფლიო. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მსოფლიო პანდემიასა და მის მძიმე შედეგებს, და მოწვეულ სტუმრებთან ერთად კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ადამიანთა უფლებებზე, დაგმო: ძალადობა, რასიზმი და აღნიშნა, რომ დემოკრატია არის უმთავრესი სახელმძღვანელო პრინციპი. 

 

„სიმართლე და სამართლიანობა არ უნდა მოკვდეს და ის მსოფლიოსთვის შუქურა უნდა იყოს“

თავის საპრეზიდენტო სიტყვაში ჯო ბაიდენმა აღნიშნა: „მე წმინდა ფიცი დავდე და გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ვიქნები, დავიცავ ამერიკას, დავიცავ კონსტიტუციას და მოგცემთ საშუალებას ნახოთ, თუ როგორ გემსახურებოდით ჩვენ. ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დაინახოს ჩვენი სიმართლე! გმადლობ ამერიკა!“

 

ამერიკის 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ მთავარ დამსახურებად, პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი მიიჩნევა. უშუალობითა და ნაკლები ფორმალურობით, აზიური წარმომავლობის ფერადკანიანმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა, უკვე მოახერხა მსოფლიოს გულის მოგება. დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. საქმოქალაქო აქტივიზმიდან პოლიტიკამდე კი, დიდი გზა განვლო, თუმცა დღემდე რჩება ლგბტ თემის უფლებების დამცველად ასევე ის ანტირასისტია და მისი საარჩევნო კამპანიაც სწორედ ადამიანთა უფლებებზე იყო დამყარებული.

დასასრულს - ისმის კითხვა, თუ რას მოუტანს საქართველოს, სტრატეგიულ პარტნიორს, ახალი ადმინისტრაცია?

აშშ-ს მომავალი სახელმწიფო მდივნის ამონარიდი - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“, პირველ პირთა განცხადებები და თავად ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქართველოსთან დაკავშირებული წარსული შესაძლოა კარგი ინდიკატორი იყოს ორი ქვეყნის ურთიერთობების განსაზღვრისათვის. ამდენად, არის მოლოდინი, რომ კეთილი მეგობრის ახალი ნაბიჯები უფრო მეტად გააღრმავებს საქართველოსა და ამერიკის მომავალ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერებას.