დიდი ძმის ბოროტი თამაში

დიდი ძმის ბოროტი თამაში

| ზურა თორია |

ბოლო პერიოდში მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში უკრაინის სახელმწიფოა. ამის მიზეზი კი კრემლიდან ფართომასშტაბიანი აგრესიის მოლოდინი იყო, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ტერიტორიული სუბიექტის სუვერენიტეტს და ზოგადად ევროპის უსაფრთხოებას. 

ამავე პერიოდებში, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ისმოდა განცხადებები, რომლებიც გმობდნენ რუსეთის შესაძლო ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ფაქტობრივად მთელი მსოფლიო სკანდირებდა რუსული სახელმწიფოს მმართველისათვის, ვლადიმერ პუტინისათვის ექსპანსიის შეჩერება მოეთხოვა. ოფიციალური კრემლისგან კი, ჩვეულებისამებრ ისმოდა ცინიზმი და პროვოკაციული განცხადებები.

24 თებერვალს, დაახლოებით დილის 5 საათზე, მოხდა ის, რაც მსოფლიოს არ გაჰკვირვებია. კრემლი თავს დაესხა მეზობელ უკრაინას და ამ წუთებშიც აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. დაიბომბა არაერთი  ქალაქი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ გაცემული არაოფიციალური პროვოკაციული ბრძანებები, რაც უკრაინის ოლქებში, ლუგანსკსა და დონეცკში შეიარაღებულ თავდასხმას გულისხმობდა, რაც სცენარის მიხედვით უნდა აღბეჭდილიყო ისე, თითქოს უკრაინული მხარე თავად ახორციელებს სამხედრო ინტერვენციას მისსავე ტერიტორიაზე. უახლესი ისტორიის მონაწილეთათვის კი ეს 2008 წლის, ქართული აგვისტოს გახსენებაა, რასაც მოყვა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მიერ, ორი დამოუკიდებელი სუვერენის გამოცხადება და დიახ, იგივე მოხდა ახლაც. ანალოგიური ტექსტით, რუსეთმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნო. ახლა კი, თითქოს ამ "ქვეყნების" დასაცავად უკრაინაში " სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ახორციელებს,როგორც ეს თავად აღნიშნა. 

სამყაროს ცივილიზებული ქვეყნების დღის წესრიგში დგას ისეთი პრობლემები როგორიცაა: სიმსივნესთან ბრძოლა, უმცირესობების უფლებები, ეკოლოგია, ინტერკულტურული განათლება,დემილიტარიზაცია და მრავალი სხვა აქტუალური თემა. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ერთიანის ნაწილია, რომ ინტეგრაციისა და უნიფიკაციის პროცესი ფაქტობრივად არღვევს საზღვრებს და ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. მსოფლიო მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, დაიწყო იმის გააზრება, რომ დღეს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სუბიექტის მოქალაქეა, არამედ დედამიწელია და დღეს პატრიოტიზმი ბევრისათვის სწორედ ეს არის. გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია, იგი წაშლის საზღვრებს, თუმცა არ გააქრობს ცალკეულ კულტურებს,  რისიც სამწუხაროდ ბევრს ეშინია და ასე ხედავს გლობალიზაციას, ყველა დიდი თუ პატარა ერი იაზრებს, რომ კულტურა მისი ისტორიული მონაპოვარია და ეს აძლევს მას საშუალებას, უზარმაზარ სამყაროში, იყოს გამორჩეული. ამას კი, არავინ არავის ართმევს. პირიქით ყველა სიხარულით ეზიარება სხვის კულტურას. ეს, ჩვენ, მსოფლიო საზოგადოებამ თავად ავირჩიეთ და ჩვენი მონაპოვარია იმ სისხლისმღვრელი ომების შემდეგ, რაც კაცობრიობის ისტორიას ტვირთად აწევს.

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ამაზე და ცალკეულ პრობლემებზე, რაც თითოეულ ინდივიდს აწუხებს. თუმცა, რამდენადაც გასაკვირი და სამწუხარო არ უნდა იყოს ჩვენ გარშემო ხდება რუსეთი, კერძოდ კრემლის მავნებლური პოლიტიკა. რომელიც ჩამოშორებულია მსოფლიო წესრიგს და ცდილობს უზარმაზარი ჭუპრი, რომელშიც ცხოვრობს, რაც შეიძლება ფართოდ გახეთქოს და დიდ "პეპლად" იქცეს. იგი თითქოს სულ ცდილობს დაამტკიცოს, რომ პირველია, ზესახელმწიფოა... თუმცა, სინამდვილე სრულიად სხვაა და ნათელია მთელი საერთაშორისო საზოგადოებისათვის. რასაც არ შეეხო რუსეთი და სადაც არ ეცადა ე.წ მშვიდობის დამყარებას ყველგან დაიღვარა და დღემდე იღვრება სისხლი. უფრო მეტიც, როდესაც, სულ რამდენიმე დღის წინ, ვლადიმერ პუტინს ჟურნალისტმა ჰკითხა თუ რატომ უნდა დამყარებულიყო მშვიდობა მაინცდამაინც ძალის დემონსტრაციით, მან უპასუხა: "რატომ გგონიათ რომ ძალის გამოყენება არ არის მშვიდობა?" ეს ცხადყოფს, რომ კრემლის პოლიტიკა იყო და იქნება უცვლელი და იმ ინტერნაციონალურ პრობლემებს, რასაც ზემოთ გაესვა ხაზი, რუსეთისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და დღის წესრიგში მხოლოდ ფორმალურად თუ დადგება.

ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ უფლება აქვს სხვათა ტერიტორიებზე გამოაცხადოს დამოუკიდებელი სახელმწიფოები, დანიშნოს მმართველები, მარტივად რომ ვთქვათ "სახლობანა" ითამაშოს რეალურ პირობებში, სადაც თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს.

პრობლემა თითქოს ყველასათვის ცხადია, თითქოს სრულიად გააზრებული და შესწავლილია რუსეთის ფენომენი, მაგრამ სამყარო ვერაფერს უხერხებს საბჭოთა ბოროტების იმპერიის გაგრძელებას რუსეთის ტერიტორიაზე, ამასობაში კი ერთი რამ არის უგულებელყოფილი: იქაც ცხოვრობს ხალხი, რომელიც უკვე "მოწამლულია" რუსული დაავადებით და რომელთაც დახმარება სჭირდებათ, ერთგვარი - რეაბილიტაცია. სამყაროს დიდი დრო დასჭირდება რომ ბოროტ ზრახვებს მხოლოდ მშვიდობის ენით უპასუხოს და ვიმედოვნოთ, რომ მალე დადგება დრო, როდესაც რუსეთი განიკურნება ექსპანსიისა და იმპერიალიზმის სენისაგან და რუსი ხალხი, შეძლებს რეალურად იდგეს საერთაშორისო მშვიდობის შენების გზაზე.

დღეს კი,უკრაინას უწევს ჩაებას სამხედრო კონფლიქტში, დაკარგოს სიცოცხლეები იმისათვის, რომ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა. ამ მძიმე დროს კი, მთელი ცივილიზებული მსოფლიო არის მის გვერდით. არ არის ბანალური ის, რომ ისტორია ცოცხალი ორგანიზმია და ყველა ბოროტებას სცემს საკადრის პასუხს. ეს ახალი და უახლესი ისტორიის მონაწილეებმა საკუთარი თვალით იხილეს.