წარმატების STORY - სალომე დემურია

წარმატების STORY - სალომე დემურია

სალომე დემურია

დაბადების თარიღი: 01.05.1986 წელი

დაბადების ადგილი:  გალი

სალომე დემურია წარმატებული მსახიობია. ბავშვობაში მისი ოცნება პირდაპირ კავშირში იყო ამჟამინდელ პროფესიასთან. ახალგაზრდა მსახიობმა ძალიან ბევრი იშრომა მიზნისთვის და საწადელიც აიხდინა. 

სალომე დემურიამ რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ მთავარი როლი შეასრულა, რამაც მსახიობს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და შანხაის კინოფესტივალზე, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მთავარი პრიზი მიიღო.  კინოსამყაროში  ამ პრესტიჟულმა ჯილდომ დაადასტურა, რომ ქართული კინოს ტრადიციები გრძელდება. 

 

ყველა ფილმში მისი გმირი მნიშვნელოვან პრობლემებზე გვესაუბრება და ცდილობს ისინი განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს. ახალგაზრდა მსახიობის შინაგან სამყაროს ყველაზე მეტად რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ ეხმაურება.  

„ეს არ არის ფილმი ომის თემაზე. ეხება პოსტ-ომის სინდრომსა და ადამიანებს, რომლებიც მის დაძლევას ღირსეულად ცდილობენ. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ იქითა მხარეს დარჩნენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც ასევე, ბევრი გადაიტანეს და დღესაც პრობლემები აქვთ. ჩვენ მათზე ტკივილით ვსაუბრობთ და არა - ბრაზით“, - აღნიშნავს მსახიობი.

მსახიობისათვის ფილმზე მუშაობა მარტივი არ ყოფილა, რადგან ეს ისტორია მასთან ძალიან ახლოსაა. იგი 6 წლის იყო, როდესაც აფხაზეთი დატოვა. სალომეს არაერთ ქვეყანაში მოუწია ფილმზე მუშაობა. როდესაც უცხოელი კოლეგები მის განსახიერებულ პერსონაჟებზე ეკითხებიან, ხშირად პასუხი მარტივი არ არის. თუმცა როდესაც კითხვა „სხვის სახლს“ ეხება აქ მას უსასრულოდ შეუძლია საუბარი და აღნიშნავს, რომ მისი მსმენელისათვის ეს ძალიან საინტერესოა. 

 

მსახიობის აზრით, ფილმის „სხვის სახლი“ მთავარი მიზანი იმ სტერეოტიპების დამსხვრევაა, რაც შერიგების პროცესს უშლის ხელს. სალომე აღნიშნავს, რომ ეს ხელოვნური დაპირისპირება ძალიან მალე დასრულდება, ვინაიდან ის ფაქტიც, რომ დღეს სულ უფრო მეტი ქართულ-აფხაზური ოჯახები იქმნება, ყურადსაღებია.