წარმატების STORY - გოგიტა არქანია

წარმატების STORY - გოგიტა არქანია

გოგიტა არქანიას ცხოვრებაში კარატე ბავშვობიდან იწყება და დღემდე აქტიურად გრძელდება. ჩვენთან საუბარში იგი აღნიშნავს, რომ სპორტი და კონკრეტულად კარატე მისთვის ყველაფერია, სპორტის მეშვეობით მან შეიძინა ოჯახი. მისი მეუღლეც კარატისტია და ასე ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ჯანსაღ ახალგაზრდობასაც ზრდიან.

გოგიტას სახელზე დღეს არაერთი გამარჯვებაა ასახული, მისთვის ყველა ტიტული გამორჩეულია და განსხვავებული დატვირთვა აქვს. განსაკუთრებული წარმატება საკუთარ თავსა და მის ქვეყანას 2014 წელს ბერლინში მოუტანა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სულ ახლახან, 2021 წელს კი დუბაის მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე განსხვავებულ წონაში ისევ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ეს გამარჯვება კი უპრეცედენტო იყო.

გოგიტა აგრძელებს კარიერას და ჯერ გაჩერებას არ აპირებს, ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ახლა ოლიმპიური ოქროს მოპოვებაა. გოგიტა არქანია გარდა იმისა, რომ აქტიურად ვარჯიშობს და მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკურ მონაცემებს, ასევე ახალგაზრდა კარატისტებს ამზადებს, და აღნიშნავს, რომ სურს მისი მოსწავლეები მასზე ტიტულიანნი იყვნენ.

გოგიტას განსაკუთრებული გრძნობა ეუფლება მაშინ, როდესაც გამარჯვების დროშა მაღლა აღიმართება და საქართველოს ჰიმნი ირთვება. და ამ დროს ყოველთვის ახსოვს, თუ საიდან არის: აფხაზეთი, ოჩამჩირის რაიონი - ასე ეცნობა იგი მის კოლეგებსა და სპორტულ საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნებში. მისი მესიჯი ენგურს გაღმაც მოსახლეობისთვისაც ასეთია: უნდა ვიმეგობროთ და აღვადგინოთ ურთიერთობები. მისივე თქმით სპორტი ეს არის ყველაზე საუკეთესო საშუალება გლობალური მშვიდობის მშენებლობისთვის.