წარმატების STORY - გიორგი და დავით ეთერიები

წარმატების STORY - გიორგი და დავით ეთერიები

გიორგი და დავითი სოხუმიდან არიან, სოციალურ ქსელში მათი სახელი ასე ჟღერს „ART MONKEY BROTHERS STUDIO“ - მაიმუნი ძმების სტუდია. თუმცა, გაგიკვირდებათ და არც მათი საქმიანობა და არც სახელოსნო, მაიმუნობას სულაც არ ჰგავს.

გიორგი და დავითი მოქანდაკეები არიან.უკვე მრავალი წელია, რაც ამ საქმიანობას წარმატებით ახორციელებენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენთან საუბარში, ძმები თავიანთ საერთაშორისო გამოცდილებაზე გვიყვებოდნენ, მათი თქმით ყოველი ახალი ქვეყანა და ახალი გამოფენა მათ შემოქმედებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიდა, თუმცა სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ ის ტექნიკა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები იყენებდნენ, ყველასაგან გამორჩეული იყო. გიორგი და დავითი კი, კოლეგებს სიამოვნებით უზიარებდნენ გამოცდილებას და იმ საუკუნოვან ხერხებს, რომლებიც დღემდე გამოიყენება.

მოქანდაკე ძმების სახელოსნოში სტუმრობა, მუზეუმს მოგაგონებთ და ერთდროულად სხვადასხვა ეპოქაში გამოგზაურებთ. აქ იხილავთ ძველი რომაული და ბერძნული ანტიკურობის ესთეტიკას , ძველ კოლხურ და აფხაზურ ნაკეთობებს, საიუველირო ნამუშევრებს.  აქაურობა ხელოვნების ისტორიის ილუსტრირებულ წიგნს ჰგავს, დამთვალიერებელი კი, პერსონაჟების გარემოცვაში ექცევა, სადაც ისინი თავად აღწერენ საკუთარ თავს.

გიორგი და დავითი უკვე მიეჩვივნენ, რომ მათი შემოქმედება გარკვეულწილად უკვე ქვეყნის სავიზიტო ბარათიც არის ტურისტებისთვის. ისინი სიხარულით მასპინძლობენ უცხოელ სხვადასხვა რანგის სტუმრებს და განსაკუთრებულ საჩუქრებს გადასცემენ, საჩუქრებს, რომლებიც საქართველოს ისტორიას ყვებიან.

მოქანდაკე ძმები სოხუმიდან არიან და როგორც გვიყვებიან, არასოდეს წყვეტენ კავშირს აფხაზეთთან. ისინი  აქტიურად თანამშრომლობენ კოლეგებთან, რომლებიც დღეს ენგურს გაღმა ცხოვრობენ. მათი სურვილია, რომ ყველა სფეროს წარმომადგენლები დაახლოვდნენ, და ამ მცირე ნაბიჯებით ქვეყანა  აუცილებლად წავა შერიგებისკენ.