გერმანია და საფრანგეთი  კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას

გერმანია და საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას

ბოლო პერიოდში, საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა. ამჯერად  მხარდამჭერი განცხადება ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა - საფრანგეთმა და გერმანიამ გაავრცელეს.

ორი ქვეყნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში  საქართველო მოხსენიებულია, როგორც ახლო პარტნიორი, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განამტკიცა კავშირები ნატოსთან და ევროკავშირთან და სამაგალითოა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

წამყვანი ევროპული  ქვეყნები  მიესალმებიან  იმ   პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელსაც წლის დასაწყისში  ყველა პოლიტიკურმა პარტიამ  საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილებებით მიაღწია. ამით ქართველებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ესარგებლათ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმის შესაძლებლობით.  არჩევნების პირველ ტურში პანდემიის მიუხედავად,  ამომრჩეველთა   მაღალი აქტივობა დამაიმედებელია, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც საფრანგეთი და გერმანია აღნიშნავენ,  საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება საარჩევნო და სასამართლო რეფორმების აუცილებლობაზე. „ასეთი დებატებისთვის პარლამენტი შესაფერისი ადგილია, რადგან საპარლამენტო პროცესი   გაამყარებს როგორც მიღწეულ  შედეგს, ასევე მის განხორციელებას,   საბოლოოდ კი ნდობას გააღრმავებს  საქართველოში სახელმწიფო  ინსტიტუტების მიმართ“. განცხადების ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ,    ევროკავშირისა და შეერთებული შტატების, როგორც  საერთაშორისო შუამავლების, მხარდაჭერას  საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიისადმი, რაც მიმართულია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისკენ. 

მაშინ  როდესაც საქართველო მასიური რეგიონალური გამოწვევების წინაშე დგას, მეტად მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით ერთიანობის შენარჩუნება, განცხადებაში ამას გაესვა ხაზი.  

საფრანგეთი და გერმანია მხარ უჭერენ საქართველოს,  მის მიერ არჩეულ დემოკრატიული ღირებულებების  გზაზე.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ  დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის რუსეთმა, უნდა შეასრულონ  ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება  და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მიაღწიონ ხელშესახებ შედეგებს,-აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.