წარჩეს ციხე

წარჩეს ციხე

გალის მუნიციპალიტეტში, სოფელ წარჩეში დღემდე შემორჩენილია ციხის ნანგრევები, თუმცა აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა მაინც მოახერხეს მისი აგებულების შესწავლა. წარჩეს ციხის გალავანი ქედის რელიეფს მიჰყვება, ამიტომ მისი გეგმა უწესო ფორმის ელიფსურია. როგორც ცნობილია ციხის სამხრეთის ნაწილის გალავანი კლდის პირს მიუყვებოდა, ამიტომაც მას ძირი გამოეცალა და ჩამოიშალა. დაახლოებით იმავე სურათს ვხვდებით აღმოსავლეთითაც. რაც შეეხება ჩრდილოეთ ნაწილს, ეს ერთადერთი მხარეა, სადაც ციხის გალავანი 7-8 მეტრამდეა შემორჩენილი.

გალავანზე ასასვლელად შუა ნაწილში გამოყოფილია ქვის ვიწრო კიბე. ციხის კედელი დაახლოებით ორი მეტრია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეციხოვნეთათვის აქ მოძრაობა მარტივი იყო, 2 ადამიანს თავისუფლად შეეძლო ერთმანეთისათვის გვერდის ავლა. ციხის ბოლოები დარღვეულია ამიტომ მათი ვიზუალურად წარმოდგენა რთულია. ირკვევა, რომ ციხის აღმოსავლეთ გალავანთან, შემორჩენილია სათავსოს მსგავსი სივრცე, თუმცა მის გასუფთავებამდე რთულია იმის თქმა , თუ რას წარმოადგენდა ეს სივრცე. ციხის დასავლეთ ნაწილის ბოლოშიც იგივე შემთხვევაა, აქაც ძირითადად ნანგრევების დიდი მასაა, რაც გაურკვევლობას წარმოქმნის. ამ ნაწილშივე ვხვდებით 6-7 მეტრის სიმაღლის კოშკის მსგავს ნაგებობას, რომელსაც ტრაპეციის ფორმა აქვს. შემორჩენილია მისი ქვედა ნაწილი. ყურადღებას იპყრობს ასევე წყლის აუზი, რომელიც ციხის ეზოში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამოვსებულია ნანგრევებით, აშკარაა რომ კარგად ამოლესილი კედლები აქვს. ციხე საკმაოდ დაზიანებულია და მისი სწორი შეფასება სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა მისი დეტალები მეტყველებენ იმაზე , რომ ციხე ნამდვილად არის ადრეული და იგი წარმოადგენს ძველ ციხეთა ჯაჭვის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. ტერიტორია ახლა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.