გურამ ოდიშარია

გურამ ოდიშარია

გურამ ოდიშარია არის მწერალი, საზოგადო მოღვაწე და ათზე მეტი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. იგი დაიბადა სოხუმში, სამხედრო ოფიცრის ოჯახში. მისი პირველი ლექსები და ნახატები, სოხუმში, სკოლაში სწავლისას დაიბეჭდა. იყო ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი. მწერალი აქტიურადაა ჩართული სახალხო დიპლომატიისა და ნდობის აღდგენის პროცესებში. გურამ ოდიშარია ამბობს, მას როგორც მწერალს სოხუმში უფრო კარგად იცნობენ. რამდენიმე წიგნი აფხაზებმა აფხაზურად თავად თარგმნეს. იციან მისი ლექსები, პუბლიცისტიკა, მოთხრობები და რომანები - „სათვალიანი ბომბი“, „დევნილთა უღელტეხილი“, „ზღვა, რომელიც შორია“, „შავი ზღვის ოკეანე“, „სოხუმში დაბრუნება“ და „პრეზიდენტის კატა“.

 

ქალაქი მუზა

გურამ ოდიშარია საყვარელ ქალაქს მუზას უწოდებს, რომელიც ხშირად ესიზმრება. მას სოხუმი ენატრება ისეთი როგორიც დატოვა - ლაღი, მეგობრული, მულტიკულტურული და მულტინაციონალური ქალაქი, გამორჩეული ურთიერთობებითა და პატივისცემით.

 

 

უღელტეხილი - გარდატეხა

უღელტეხილი, რომელიც ათასობით დევნილმა გადმოიარა, გურამ ოდიშარიასთვის ახალი ცხოვრებისა და „სხვა” მწერლობის დასაწყისად იქცა. 

 

დანაღმული ველი

გურამ ოდიშარია ამბობს, იმისათვის რომ ურთიერთობი ქართველებსა და აფხაზებს შორის აღდგეს, საჭიროა „დანაღმულ ველზე სწორად მოსიარულე“ ადამიანების ჩართულობა შერიგების პროცესში.

 

გამარჯობა სოხუმო

თუ ავტორთან და მისი რომანის პერსონაჟებთან ერთად წარსულში სამოგზაუროდ გადაეშვები, უფრო მარტივად გაიგებ იმ კავშირის შესახებ, რასაც ქართველების და აფხაზების ურთიერთობა ერქვა. მწერალი დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს ძალიან თამამად ეტყვის საკუთარ ქალაქს „გამარჯობა სოხუმო!“

 

გასაღები

გურამ ოდიშარიას ბინაში აფხაზი კაცი ცხოვრობს, გუდაუთელი, რომელსაც უკითხავს თუ როგორი პატრონი ყავდა ამ სახლს აქამდე. აფხაზ მეზობლებს ოდიშარიების ოჯახზე ბევრი სიკეთე მოუყოლიათ. სახლის ახალმა მობინადრემ მეზობლებს დაბარა: „გადაეცით, დროებით ვიკავებ მათ ბინას“.  გურამ  ოდიშარია ფიქრობს, რომ ერთ დღეს აუცილებლად დაუბრუნდება მშობლიურ სახლს სოხუმში, ტურბაზის უბანში, ქლუხორის ქუჩის 26 ნომერში.