აფხაზეთში მდებარე მსოფლიოს უღრმესი მღვიმეები

აფხაზეთში მდებარე მსოფლიოს უღრმესი მღვიმეები

| მარი ლომთაძე |

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა მრავალფეროვანი და მდიდარი  ბუნებით, კულტურულ და ისტორიულ ძეგლთა სიმრავლით გამოირჩევა. როცა აფხაზეთს ვახსენებთ, უმეტესობას თვალწინ წარმოუდგება ლურჯი ზღვა, ოქროსფერი სანაპირო, ზოგს ასოციაციაციური მეხსიერება რიწის ტბის, ახალი ათონის მთის ან ბიჭვინთა-მიუსერის შთამბეჭდავი ხედების სცენებს ამოუტივტივებს გონებაში თუმცა, ცოტას  თუ გაახსენდება აფხაზეთში მდებარე მღვიმეები და ის რომ მსოფლიოს 20 ყველაზე ღრმა მღვიმიდან 5 საქართველოში, სწორედ აფხაზეთში გვხვდება.

ვერიოვკინის მღვიმე

მსოფლიოს ყველაზე ღრმა მღვიმეებს შორის ჩემპიონი "ვერიოვკინის მღვიმეა", რომელიც საქართველოში, გაგრის მუნიციპალიტეტში, არაბიკის მასივზე, ზღვის დონიდან 2309 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მღვიმე 1968 წელს აღმოაჩინეს და თავდაპირველად მისი სიღრმე 115 მეტრით განისაზღვრა, მოგვიანებით კვლევები გაგრძლედა და 2018 წლის მარტში განხორციელებული ექსპედიციის შედეგად, ვერიოვკინას მღვიმის სიღრმის ნიშნული 2212 მეტრით განისაზღვრა. მღვიმის სიგრძე 13 500 მეტრს შეადგენს.

ვერიოვკინის მღვიმე, აფხაზეთი, გაგრა

კრუბერის მღვიმე

მსოფლიოს ყველაზე ღრმა მღვიმეებს შორის საპატიო მეორე ადგილი, დამსახურებულად, "კრუბერის მღვიმემ" დაიკავა. მღვიმე, რომელიც 1960 წელს იქნა აღმოჩენილი ქართველი გეოგრაფების მიერ, საოცრად შთამბეჭდავ და მისტიკურ სანახაობას წარმოადგენს. მღვიმეში არის მინიატურული სტალაქტიდები და სტალაგმიტები, აგრეთვე, პატარა ტბები. გამოქვაბულში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები, გამჭვირვალე თევზები და სხვა. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს  მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარე რეპრუა. კრუბერას საბოლოო სიღრმე 2012 წელს დადგინდა, როცა მას გამოსაკვლევად მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი ეწვია. გუნდმა 27 დღე მოანდომა კრუბერის გამოკვლევას და მის ყველაზე ღრმა წერტილამდე დაშვებას. საბოლოოდ, მღვიმის სიღრმე 2197 მეტრით განისაზღვრა.

კრუბერის მღვიმე

სარმის მღვიმე

გაგრის მუნიციპალიტეტში, არაბიკის მასივზე, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე მდებარე "სარმის მღვიმე" მსოფლიოში სიღრმით მესამე ადგილზეა. იგი 1990 წელს იქნა აღმოჩენილი, ხოლო სახელი "სარმა" მის შესასვლელთან ჰაერის ძლიერი წნევის გამო უწოდეს (სარმა ძლიერი ქარია, რომლის სიჩქარე დაახლოებით 40-50მ/წმ-ს შეადგენს). 2012 წელს ჩატარებულმა ექსპედიციამ 1830 მეტრს მიაღწია და მღვიმის სიღრმედ ეს ნიშნულია მიჩნეული. სარმის მღვიმე წარმოადგენს დარბაზებისა და ჭების ერთობლიობას, რომლებიც გაერთიანებულია გვირაბებითა და საფეხურებით.

სარმა მღვიმე

თოვლიანი უფსკრული

მსოფლიოს ყველაზე ღრმა მღვიმეებს შორის მეოთხე ადგილის მფლობელიც აფხაზეთშია და "თოვლიანი უფსკრულის" სახელწოდებითაა ცნობილი.  მსოფლიოში ყველაზე ღრმად შემორჩენილი ყინული სწორედ თოვლიან უფსკრულშია, რაც განაპირობებს მის უნიკალურობას. მღვიმე დაახლოებით 5 ათასი წლისაა და გაგრის მუნიციპალიტეტში, ბზიფის ქედზე, ზღვის დონიდან 1960 მეტრზე მდებარეობს. თოვლიანი უფსკრული 1971 წელს აღმოაჩინეს. მღვიმის სიღრმე დღევანდელი მონაცემებით 1760 მ შეადგენს.

თოვლიანი უფრსკული

პანტიუხინის მღვიმე

მსოფლიოს ყველაზე ღრმა  მღვიმეების 20-ეულში საპატიო მეთორმეტე ადგილს პანტიუხინის მღვიმე იკავებს, რომელიც გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ბზიფის მასივის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მღვიმე 1979 წელს იქნა აღმოჩენილი და სახელწოდება პანტიუხინი ყირიმელი ალპინისტისა და სპელეოლოგის ვიაჩესლავ პანტიუხინის საპატივცემულოდ დაერქვა. მღვიმის სიღრმე 1508 მეტრია.

პანტიუხინის სახელობის მღვიმე, აფხაზეთი