გალიდან ლანჩხუთამდე - ფეხბურთელი გოგოს ისტორია

გალიდან ლანჩხუთამდე - ფეხბურთელი გოგოს ისტორია

ფეხბურთელ გოგონაზე უნდა მოგიყვეთ, რომლის საფეხბურთო კარიერაც ბიჭების გუნდის წევრობიდან იწყება და აწ უკვე საერთაშორისოდ ცნობილი ქალთა საფეხბურთო კლუბით - ლანჩხუთით გრძელდება.

ეს ახალგაზრდა გოგონა ირინა ხაბურზანიაა, რომლის ისტორია აფხაზეთიდან იწყება. 

ირინა: დავიბადე აფხაზეთში. გალის რაიონის სოფელ საბერიოში. ვსწავლობდი სოფელ წყოუში. სკოლაში რომ მევლო, ყოველ დღე მიწევდა ე.წ. „საზღვრის გადაკვეთა, რადგანაც კონტროლდებოდა და ხშირად იკეტებოდა. ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს, როცა სავარჯიშოდ მივდიოდი, დამაკავეს  და სახლში დამაბრუნეს, ვინაიდან არასრულწლოვანი ვიყავი. თუმცა ფეხბურთის სიყვარულით ეს შიში გადავლახე და ჯიუტად გავაგრძელე სავარჯიშოდ სიარული, მიუხედავად ყველა სირთულისა.

სიჯიუტემ შედეგი გამოიღო და დღეს მას და მის გუნდს  საერთაშორისოდ აღიარებული სახელი აქვთ. „ლანჩხუთის" დასახელებამ ალბათ გაგახსენათ, სულ ცოტა ხნის წინ მოგვრილი ბედნიერება. ამ ბედნიერების ერთ-ერთი ავტორი კი - ირინა ხაბურზანიაა. ახალგაზრდა ფეხბურთელი „ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბს" 2018 წელს შემოუერთდა, თუმცა იქამდე იყო „ქუთაისის ქალთა საფეხბურთო გუნდი", სადაც სამი წელი თამაშობდა, აქედან ორი წლის განმავლობაში, ირინა ხაბურზანია საქართველოს ჩემპიონი იყო. საბედისწერო იყო ლანჩხუთისა და  ქუთაისის გუნდების დაპირისპირება, რის შემდეგაც, როგორც თავად ამბობს - ლანჩხუთის ღირსებას იცავს.

ირინა: სწორედ ქუთაისისა და ლანჩხუთის გუნდების შეხვედრის შემდგომ, 2018 წელს დურმიშხან ჩხაიძემ შემომთავაზა გადავსულიყავი „ლანჩხუთის" ქსკ-ში და მას შემდეგ ვიცავ „ქსკ ლანჩხუთის" ღირსებას.

2019 წელი კლუბისთვის მეტად წარმატებული იყო. მათ საქართველოს ჩემპიონობა და ასევე საქართველოს თასი მოიპოვეს. გამარჯვების გზა 2020-შიც გაგრძელდა და უფრო მეტიც, საერთაშორისო ასპარეზზე გადაინაცვლა.

ირინა: 2020 წელს გავედით ლიგაზე და ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადავლახეთ, მოვიგეთ ორი თამაში ყაზახეთთან და რუმინეთთან.

ეს იყო პირველი დიდი წარმატება, რომელიც ქალთა საფეხბურთო კლუბმა საქართველოს მოუტანა. გოგონებს უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფეხბურთით დაინტერესებულმა თუ უბრალოდ საქართველოს წარმატებით გახარებულმა გულშემატკივარმა სოციალური სივრცე „ააფეთქა“.

ირინა: წარმოუდგენელი სიამაყის გრძნობა დამეუფლა, როცა ლანჩხუთში დაბრუნებულებს ესკორტით დაგვხვდნენ გულშემატკივრები. წვიმიანი ამინდის მიუხედავად ქალაქი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებდნენ ჩვენს წარმატებას. გოგონებმა შევძელით და ამ პატარა ქალაქის სახელით  საქართველოს წარმატება მოვუტანეთ.

ზოგადად, სპორტი ძლიერ ემოციებთან არის დაკავშირებული და განსაკუთრებით მოგებების ფონზე

ირინა: ეს უდიდესი სტიმულია, კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და დარწმუნებული ვართ ბევრ წარმატებას მივაღწევთ.

გულშემატკივრებიც დარწმუნებულები არიან გოგონების მომავალ წარმატებაში ასე, რომ ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ მორიგ გამარჯვებებს დაველოდოთ.

ირინას დიდი მიზანი აქვს და ამისთვის თავდაუზოგავად შრომობს და ბავშვობის ოცნებასაც აუცილებლად აიხდენს. ოჯახს და გულმხურვალე გულშემატკივარს კი იმედს არ გაუცრუებს. ასეთია მისი პირობა. 

ირინა: კარიერული წინსვლისთვის მონდომება, დიდი ძალისხმევა და შრომაა საჭირო. მე მზად ვარ თავდაუზოგავად ვიბრძოლო დასახული მიზნის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ ჩემ შესაძლებლობებში და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინო.

ახალგაზრდა ფეხბურთელის გზა, დიდი მომავლისკენ უკვე გახსნილია, ახლა ის უბრალოდ ბევრს მუშაობს, რომ თამასამ კიდევ უფრო აიწიოს. მას და მის გუნდს ხომ მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს.

ირინა ხაბურძანია ICA-სთან ინტერვიუს აფხაზ თანატოლებთან მესიჯით ასრულებს:


„მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული ადამიანობის ყველაზე დიდი თვისებაა. ჩვენ სიყვარულით და მეგობრობით შევძლებთ იმ ბარიერების გადალახვას, რაც დღეს ხელს გვიშლის ურთიერთობებში“