ისტორია, რომელიც გაძარცვული არქიტექტურული ძეგლის მიღმა იმალება

ისტორია, რომელიც გაძარცვული არქიტექტურული ძეგლის მიღმა იმალება

| მარიამ გერგედავა |

აფხაზეთის ყოველ მიტოვებულსა თუ მოქმედ შენობას, ისევე როგორც ამ კუთხის თითოეულ გოჯს, მის კუთხე-კუნჭულს თავისი მდიდარი ისტორია აქვს, ისტორია რომლის წაშლაც არც ისე მარტივია, როგორც ეს მავანთ ეგონათ და დღემდე ჰგონიათ. ყველაფერი რაც ჩვენს წარსულთან გვაკავშირებს და დანაკარგით გამოწვეულ სიცარიელეს გვივსებს, მოგონებებია, ის კი რის წარმოდგენას ჩვენს გონებაში ვცდილობთ, ხელმოსაჭიდად იქცა ჩვენთვის - რათა ამ დაქსაქსულ სამყაროში არ დავიკარგოთ. 

სოციალურ ქსელში, მიტოვებული შენობის ფოტოებმა, რომლებსაც შემთხვევით გადავაწყდი, ერთდროულად განსხვავებული ემოციები აღძრა ჩემში, ულამაზეს ფერდობზე, ბუნებაში ჩაძირული ნაგებობის დანახვისას, რომელიც სიცოცხლისა და სიყვარულისგან დაცლილიყო და დედაბუნება დაჰპატრონებოდა, ერთდროულად ამაღელვებელიც იყო და დამთრგუნველიც. მეც ახალი ხელმოსაჭიდი ვიპოვე და მიზნად ყველაფრის გაგება დავისახე, რასაც ამ გაუცხოებული ადგილის შესახებ შევიტყობდი.

არ გამკვირვებია იმის გაგება, რომ ფოტოებზე დაბა გულრიფშში მიტოვებული სანატორიუმი იყო გამოსახული (გამომდინარე იქიდან რომ ეს კუთხე სანატორიუმების სიმრავლით გამოირჩეოდა). აღმოჩნდა, რომ სანატორიუმის მშენებლობა XX საუკუნის დასაწყისში დაწყებულა და სოხუმის დენდროლოგიური პარკის შემქმნელის, მეცენატ ნიკოლაი სმეცკოის სახელს უკავშირდებოდა.

სანატორიუმის ისტორიას ლეგენდამდე მივყავართ, რომლის თანახმადაც, ქორწინების მე-7 წელს, ნიკოლაი სმეცკოის მეუღლე ოლგა ფილიმონოვა ტუბერკულოზით დაავადებულა და რადგან იმ პერიოდში ამ დაავადებისთვის მედიკამენტოზური მკურნალობა საკმარისი არ იყო, ნიკოლაის მოუწია ექიმის რჩევა გაეთვალისწინებინა და მეუღლის გამოსაჯანმრთელებლად საუკეთესო ადგილი მოეძებნა. ძიებამ მეცენატი სოხუმის სამხრეთით, დაბა გულრიფში მიიყვანა, სადაც ნიკოლაიმ 75 ჰა მიწის ნაკვეთი შეიძინა და 365 ოთახიანი სასახლე ააშენა, რათა მის საყვარელ მეუღლეს ყოველდღიურად ახალ ოთახში დაედო ბინა და სუფთა ჰაერი ესუნთქა. 

keti davlianidze

ქეთი დავლიანიძის ნახატი: "გულრიფში".

სანატორიუმის, გარშემო, სქელ ფენად ხმელთაშუა ზღვის კორპის მუხები დაირგო, მახლობლად კი იყო ხილის ბაღი, ვენახი და ციტრუსის პლანტაცია.

რა არის ლეგენდა, თუ ის ნამდვილი ფაქტებით არ არის შეკოწიწებული? ოლგა ფილიმონოვა ქორწინების მე-7 წელს ნამდვილად დაავადდა ტუბერკულოზით და თბილ მხარეში მის გამოსაჯანმრთელებლად, ნიკოლაი სმეცკოის 1895 წელს 75 ჰა მიწა შეუძენია დაბა გულრიფში. სანატორიუმის თეთრი კორპუსის მშენებლობა ნიკოლაიმ ივან კუზნეცოვს მიანდო, ზღვის დონიდან 120 მეტრზე მშენებლობა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სანატორიუმი 1902 წელს გაიხსნა და პირველი პაციენტიც მიიღო, სულ სანატორიუმი 110 პაციენტზე იყო გათვლილი. სანატორიუმის, გარშემო, სქელ ფენად ხმელთაშუა ზღვის კორპის მუხები დარგეს. მახლობლად აგრეთვე იყო ხილის ბაღი, ვენახი და ციტრუსის პლანტაცია.

მოგვიანებით, თეთრი კორპუსის მახლობლად, ზღვისკენ მიმართული წითელი სანატორიუმიც აღიმართა, 112 ოთახითა (და არა 365-ით, როგორც ამას ლეგენდა მოწმობს) და 250 საწოლით. სანატორიუმი, აფხაზეთის ყველაზე დიდ შენობად ითვლებოდა, აქ იყო პირველი ელექტრული ლიფტი მხარეში და სხვა უახლესი ტიპის ინფრასტრუქტურა. 

სასახლის გარშემო ნიკოლაიმ საუცხოო ბაღიც გააშენა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოტანილი, ეგზოტიკური მცენარეებით იყო სავსე. Სმეცკოის მეუღლემ მართლაც დაამარცხა ტუბერკულოზი, ათასობით სხვა პაციენტის მსგავსად. მათი გარდაცვალების შემდეგ კი ეს შენობა სანატორიუმად გადაკეთდა და ომამდე ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანებისთვის ზღაპრულ ადგილს წარმოადგენდა.

თუმცა, ომის შემდეგ, ისევე როგორც სხვა ასობით ღირსშესანიშნაობა, არქიტექტურული თუ კულტურული ძეგლი აფხაზეთში, ეს სანატორიუმიც განადგურდა. ვანდალებმა მას განადგურების განაჩენი გამოუტანეს - უკანასკნელ წლებში მთლიანად დაშალეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა ამ მხარეში და ის საშენ მასალად გამოიყენეს.