გიორგი ვოლსკის მოგონებები აფხაზეთზე

გიორგი ვოლსკის მოგონებები აფხაზეთზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის თავმჯდომარე აფხაზეთში გატარებულ საუკეთესო წლებს ემოციურად იხსენებს. ამბობს, რომ მისი აფხაზეთი განსხვავებულია, ეს კუთხე მისთვის მხოლოდ დასასვენებელი ადგილი არ იყო. გიორგი ვოლსკი იმ მოგონებებს აცოცხლებს, როცა ბატონი გიორგის მამა, აფხაზეთის ექსპედიციის მთავარი გეოლოგი გახლდათ და მის ოჯახს ხანგრძლივად უწევდა იქ ცხოვრება.

,,სოხუმი უფრო ევროპული ქალაქი იყო ბევრ ასპექტში, ვიდრე ბევრი სხვა ქალაქი საქართველოში“- ამბობს გიორგი ვოლსკი და ხაზს უსვამს აფხაზეთის მრავალეროვნულობას და მულტიკულტურულობას.

,,მსოფლიოში თავისი ბუნებრივი მონაცემებით და ისტორიით აფხაზეთი უნიკალურია, ასეთი არსად არ არსებობს...სამოთხეა დედამიწაზე’’- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქართულ-აფხაზურ სამაგალითო ურთიერთობებზე საუბრობს და სინანულით აღნიშნავს, რომ მხარეებს გონიერება რომ გამოეჩინათ და შეცდომები არ დაეშვათ, გაუმართლებელი ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის თავმჯდომარე კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის თანმიმდევრული განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს, უპირველესად კი მხარეებთან ნდობის აღდგენის პროცესზე.

,,როგორ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთ გეოგრაფიულ სივრცეში მოგვიწევს ცხოვრება’’- ამ გზავნილით ამთავრებს გიორგი ვოლსკი თავის მოგონებებს აფხაზეთზე და ამბობს, რომ ქართველებისთვის და აფხაზებისთვის ახალი თაობის მომავალი უნდა იყოს მთავარი მამოძრავებელი ძალა, რათა გამონახონ გამოსავალი, რაც ფიზიკური გადარჩენის ამოცანას უკავშირდება.