ნონა გაფრინდაშვილის მოგონებები აფხაზეთზე

ნონა გაფრინდაშვილის მოგონებები აფხაზეთზე

| ნანკა კიკალია |

ის ყველგან პირველი უნდა ყოფილიყო: მსოფლიოს პირველი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი. ნონა გაფრინდაშვილმა ქალთა ჭადრაკი არნახულ სიმაღლეზე აიყვანა და ყველას დაანახა, რომ ქალებს უმაღლეს დონეზე შეუძლიათ თამაში.

ნონა გაფრინდაშვილი სამეგრელოში, ოთხ ძმასთან ერთად გაიზარდა. ჭადრაკის თამაში ძმებმა ასწავლეს და სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში, ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა. სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნია ნონა ჭადრაკის ქართული სკოლის დამფუძნებელმა ვახტანგ ქარსელაძემ მისთვის ჩვეული ინტუიციის წყალობით.

ქართველი მოჭადრაკე არაერთი ჯილდოსა თუ ტიტულის მფლობელია. ნონა გაფრინდაშვილმა 16 წლის ასაკში ყველა საჭადრაკო ტიტული მოიპოვა. ის 1978 წელს ფიდეს (FIDE) გადაწყვეტილებით პირველი ქალი გახდა, რომელსაც მიენიჭა საერთაშორისო დიდოსტატის (GM) წოდება მამაკაცთა შორის. მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში ნონას დამსახურება იმდენად დიდია, რომ 1997 წელს ფიდემ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.ნონა გაფრინდაშვილი დაუმარცხებელია, მისი სახელი საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.

„აფხაზეთი ჩემს გულში სულ სხვანაირად ზის“

პროექტის „მიამბე აფხაზეთზე“, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყეთ, მიზანია იმ ადამიანებმა, რომლებსაც ფართო პუბლიკასთან მიუწვდებათ ხელი და რაღაც განსაკუთრებული აკავშირებთ აფხაზეთთან, ქართველ და აფხაზ საზოგადოებას გაახსენონ, ახალგაზრდა თაობას კი აუხსნან თუ როგორი მეგობრობა და განსაკუთრებული სიყვარული ტრიალებდა იქ, რომ შედეგი, რაც დღეს დადგა ცარისტული რუსეთის ტაქტიკაა, რომ ამ ომში, სადაც ძმები ერთმანეთს დაუპირისპირეს, ორივე დამარცხებული ვართ.

„აფხაზეთი საოცარი კუთხეა არაჩვეულებრივი ხალხითა და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით“.

ჭადრაკის დედოფალი ინტერვიუს მსვლელობისას იხსენებს რომ აფხაზეთთან მას ახალგაზრდობის საუკეთესო წლები აკავშირებს. ლესელიძე, გაგრა, სოხუმი ამ ქალაქებს განსაკუთრებული სიყვარულით ახსენებს, აქ ტარდებოდა ტურნირები, შეხვედრები, აქ სრულიად საქართველო და მეზობელი ქვეყნების სპორტსმენები იყრიდნენ თავს; გალი, გალში კი ოჯახის წევრებიც ჰყავს, რომლებიც ახლაც იქ ცხოვრობენ და მათთან მუდმივი კონტაქტი აქვს. ნონა განსაკუთრებული სიამაყით იხსენებს მსოფლიო ჩემპიონატის ორ ისტორიულ ფინალურ შეხვედრას, რომელიც ბიჭვინთაში წარმატებულ ქართველ მოჭადრაკე ქალებს შორის ჩატარდა.

ნონა გაფრინდაშვილს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ეჭვი არ ეპარება და სწორედ ამ სურვილს აგზავნის ენგურს გაღმა მცხოვრებ მოქალაქეებთან.