„გაგრიფში“ - გაგრის მარგალიტი

„გაგრიფში“ - გაგრის მარგალიტი

| თეონა მჭედლიშვილი |

რესტორანი „გაგრიფში“ ძველ გაგრაში, ზღვისპირა პარკში შადრევნის პირდაპირ მდებარეობს.  პრინცმა ოლდენბურგმა, გაგრის, როგორც კურორტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და სწორედ მის სახელს უკავშირდება „გაგრიფშიც“, რომელიც ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობა გახდა. კურორტის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით აქვე გაიმართა სადღესასწაულო ვახშამიც. „გაგრიფშის“ რესტორნისა და ყოფილი სასტუმროს შენობა პრინც ოლდენბურგს პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე ჰქონდა შეძენილი, რომელიც დაშლილ მდგომარეობაში ზღვით გადმოიტანა საქართველოში. შენობა ნორვეგიული ფიჭვისგან იყო გაკეთებული და ის ისე ააწყვეს, რომ არცერთი ლურსმანი და რკინის კონსტრუქცია არ გამოუყენებიათ.

გაგრიფში

გაგრიფში, 1910 წ. 

ძველი სარეკლამო განცხადებები იუწყებიან, რომ სასტუმრო 1902 წელს აპრილი-აგვისტოს შუალედში აშენებულა, ხოლო რესტორნის მშენებლობა ივნისიდან დაწყებულა. ორივე შენობა  იმავე წლის 1 სექტემბერს გაიხსნა. მნახველები აღფრთოვანებულები იყვნენ რესტორნისა და სასტუმროს დახვეწილი, ორნამენტული არქიტექტურით. ზღვის ნაპირზე სასტუმროს გასწვრივ საცურაო პლაჟები იყო მოწყობილი, საიდანაც დამსვენებლები პატარა ტრამვაი-კონკით ადიოდნენ ზევით.

„გაგრიფში“ თავიდანვე პირველი კლასის რესტორნად იყო ჩაფიქრებული, თუმცა იგი მალევე გახდა მაღალი წრის საზოგადოების საყვარელი თავშეყრის ადგილი. ოლდენბურგი ხშირად ატარებდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, აღნიშნავდა აღდგომის, შობის დღესასწაულებს ან უბრალოდ სამეფო ოჯახის წევრებს იღებდა. 

გაგრაში სპექტაკლებიც „გაგრიფშის“ სასტუმროს რესტორანში იმართებოდა. „გაგრიფში“ იმ დროს თეატრის ფუნქციასაც ითავსებდა, რადგან ქალაქში თეატრის შენობა არ იყო. რესტორნის მაღალჭერიან, ორიარუსიან დარბაზში კონცერტებისა და სპექტაკლების დროს სკამების და სავარძლების 12 რიგი ეტეოდა, თითო რიგში 16 ადგილი იყო. ბილეთი დაახლოებით 6-8 რუბლი ღირდა. ამას გარდა, ღია აივანზე 200-მდე ადამიანიც ეტეოდა, მათ 20-30 კაპიკად შეეძლოთ წარმოდგენაზე დასწრება. თეატრის სცენაზე პეტერბურგისა და მოსკოვის დრამატული თეატრის ცნობილი მსახიობებიც თამაშობდნენ. „გაგრიფში“ თეატრალური პიესების გარდა, საცირკო წარმოდგენებსა და კლასიკურ ორთაბრძოლებსაც კი აჩვენებდნენ. ჭიდაობასა და ორთაბრძოლებში თურქი ფალავნებიც მონაწილეობდნენ, ხოლო ქართველი ფალავნებიდან, გამორჩეული კოსტა მაისურაძეც წარდგენილა მაყურებლის წინაშე.

სასტუმროს ბაღიც განსაკუთრებული ჰქონდა ულამაზესი ყვავილებითა და ეგზოტიკური მცენარეებით დამშვენებული. აქ შეხვდებოდით გიგანტურ აგავებს, არაუკარიებს, ფორთოხლის ხეებსა და ტროპიკული ფლორის სხვადასხვა სახეობას.   

მიუხედავად მრავალჯერადი რეკონსტრუქციისა, „გაგრიფშმა“ პირვანდელი სახე ფაქტობრივად შეინარჩუნა. რესტორანში დღემდე მეოცე საუკუნის ატმოსფერო და ემოციაა შემორჩენილი; ინტერიერი ისევ ხეშია წარმოდგენილი, ხოლო ჭერიდან დიდებული ჭაღები ეშვება. ჯერ კიდევ მუშაობს მექანიკური საათებიც, რომლებსაც ხელით მომართვა სჭირდება.

ყდის ფოტო: გივი ყურაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი.