ბზიფის ტაძარი

ბზიფის ტაძარი

აფხაზეთში მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელთა ისტორიაც უკვე საკმაოდ დიდია. ბევრი ტაძარი ნგრევის პირასაა მისული, თუმცა მახვილი თვალი არ დაგვჭირდება იმისათვის, რომ ამ ტაძრების გამორჩეული არქიტექტურული ხასიათი შევნიშნოთ. ასეთივე საინტერესო და გამორჩეულია ბზიფის ტაძარი, რომელიც მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევრითაა დათარიღებული.

ბზიფის ტაძარი, გაგრაში, სოფელ ბზიფში მდებარეობს. იგი  ჯვარ-გუმბათოვანი - „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა . მისი კედლები თლილი ქვით არის მოპირკეთებული. კარები და ტაძრის სარკმლების ზედა ნაწილი მინიმალისტური და დახვეწილი თავსართებითაა შემკული. ტაძრის ინტერიერში ვხვდებით ოთხ თავისუფალ ბოძს, რომლებსაც ეყრდნობა გუმბათი. აღმოსავლეთით ტაძარს შვერილ-წახნაგოვანი აფსიდები აქვს. ტაძრის გეგმა ლიხნისა და ანაკოფიის ტაძრების გეგმას ჰგავს, თუმცა მათთან შედარებით უფრო მარტივი ხასიათი აქვს. ძეგლი საშუალო ზომის  კვადრატული ქვებით არის აგებული. ტაძრის ფასადები შემკულია დეკორით.

ბზიფის ტაძარი ერთ-ერთი უძველესია რეგიონში, თუმცა მას და ციხეს, რომლის შემადგენლობაშიცაა ტაძარი, საფრთხე ემუქრებათ. მათი მდგომარეობა მძიმეა და ექსპერტების შეფასებით საჭიროა სასწრაფო კონსერვაცია, რათა ძეგლი არ ჩამოიშალოს.

ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის უძრავი კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რის გამოც ტაძრის მდგომარეობის აბსოლუტური შეფასება და საჭირო სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება.