ბედიის გულანი

ბედიის გულანი

აფხაზეთის რეგიონში მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია აღმოჩენილი, ისინი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ განძს წარმოადგენენ. კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხა მრავალფეროვანია და გვხვდება, როგორც მატერიალური ისევე არამატერიალური კულტურის ძეგლები.  გამორჩეული ადგილი აქვს მე-17, მე-18 საუკუნეების  ხელნაწერს - ბედიის გულანს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა საღვთისმეტყველო წიგნებს.

მათ შორისაა: სახარება, სამოციქულნო, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის  საკითხავი, მარხვანი. კრებული ასევე მოიცავს ზატიკანს, ფსალმუნებს და სვინაქსარს.

ქართული ხელნაწერი გადაწერილია ბედიელი მიტროპოლიტის, გერმანე ჩხატიძის დაკვეთით. მის დამზადებაში რამდენიმე კალიგრაფი მონაწილეობდა: ამბროსე კარგარეთელი, სვიმონ ევფრატელი, საბა ნაჭოფაძე. წიგნის გადასაწერად ასევე სპეციალურად მოიწვიეს შავშეთელი კალიგრაფი - გაბრიელ ლომსაძე.

ხელნაწერი მეთვრამეტე საუკუნეშიც დაცული იყო ბედიის მონასტერში, ამას მოწმობს ამ პერიოდის მინაწერები და ბედიის ღვთისმშობლისათვის მიმართული სავედრებლები.

ბედიის გულანის გადაწერის თარიღთან დაკავშირებით ისტორიის მკვლევრები სხვადასხვა თარიღს მიიჩნევენ, ეს მერყეობს მეთექვსმეტე საუკუნიდან მეთვრამეტე საუკუნემდე და ძირითადად გაბრიელ ლომსაძის მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება. თუმცა ეს  არ ცვლის  ბედიის გულანის მნიშვნელოვან როლს ქართულ საეკლესიო მწიგნობრობაში.

ბედიის გულანი ასევე შეიცავს ანდერძს, რომლის ერთ მონაკვეთშიც გაბრიელ ლომსაძის შავშეთიდან მოწვევაზეა საუბარი.

გულანი მოიცავს 960 ფურცელს, იგი ნუსხური დამწერლობით ქაღალდზეა შესრულებული. ტექსტი ორ სვეტად შავი მელნითაა დატანილი. თავსამკაულები გამოყოფილია სინგურით.

ბედიის გულანი დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.