ბაგრატის ციხე

ბაგრატის ციხე

ბაგრატის ციხე, სოხუმის მახლობლად, ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში,  მდინარე ბესლეთის ნაპირზე აღმართულ გორაკზე მდებარეობს. ციხე ოვალური ფორმისაა.   ოთხკუთხა კოშკით დაცული კარიბჭე თავის დროზე წარმოადგენდა შუა საუკუნეების სოხუმის, იმჟამინდელი ცხუმის ციტადელს. 

საქართველოს მეფის ბაგრატ მესამის მიერ  ციხე მე-10 -მე-11 საუკუნის მიჯნაზეა განახლებული. მე-10-მე-14 საუკუნეებში კი,  იგი ცხუმის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. . მას შემდეგ, როდესაც მე-16 საუკუნიდან ქალაქმა დასავლეთისკენ,  მდინარე ბესლეთის მარჯვენა ნაპირზე გადაინაცვლა, მან მნიშვნელობა დაკარგა და დაცარიელდა. 

ბაგრატის ციხეს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

დღეისათვის ციხის კედლები მძიმე მდგომარეობაშია.  აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა ისტორიულ-კულტურული ფასეულობების მსგავსად,  შეუძლებელია ამ ძეგლის მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება,   არადა იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.