ქირსა ბზიალა აშიყუს ჩიც! - როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს აფხაზეთში

ქირსა ბზიალა აშიყუს ჩიც! - როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს აფხაზეთში

სახელდახელოდ მორთული ნაძვის ხე, მოციმციმე ფერადი განათებები, საახალწლო ნუგბარი, ოჯახი და მეგობრები და რაც მთავარია საუკეთესო განწყობა - ეს ალბათ იმ შეგრძნებების ერთობლიობაა, რომლებიც ჯადოსნურ ღამეს ყველას აერთიანებს.თუმცა მოდერნიზებული ტრადიციების უკან საინტერესო და ეთნოლოგიურად ღრმა წარსულია, რომელთა გამოვლინებებსაც დღესაც შევხვდებით, თუმცა მათი უმეტესობა ახლა ფურცლებზეა აღბეჭდილი და მხოლოდ წარმოსახვით შეგვიძლია გავაცოცხლოთ ის რიტუალები თუ რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა მხარეში ახალი წლის დადგომასთან ერთად იყო აქტუალური.

ახალი წელი აფხაზეთში ყველაზე ოჯახური დღესასწაული იყო, მისი განსაკუთრებული აღნიშვნა კი, არა 31 დეკემბერს, არამედ 13 იანვარს ხდებოდა. მიიჩნეოდა, რომ ეს დღე „განახლებას“ უკავშირდებოდა, აჯირნიხუა იგივე ხეჩხამუა - ასე მოიხსენიებდნენ ძველ ახალ წელს. წმინდა დღე ყველას აუცილებლად თავის საგვარეულო სახლში უნდა გაეტარებინა, სადაც ოჯახის წევრებს საქმე დანაწილებული ჰქონდათ. შობის ღამეს ოჯახის ყველა წევრი კარგად გამოძინებული იყო და საყვარელ დღესასწაულს ფეხზე მდგომი ხვდებოდა, არავის ავიწყდებოდა საჭირო რიტუალი და ლოცვა საკრალურ ხესთან, საკუთარ თხილნარსა თუ ტყეში. ლოცვის პარალელურად ოჯახი შესაწირს სწირავდა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა მიერთვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წვავდნენ, რათა ნადირს იგი არ წაებილწა.

განსაკუთრებით საინტერესოა ის თუ, როგორ აღნიშნავდნენ, ყველაზე საყვარელ დღესასწაულს - ძველ ახალ წელს. თავად ახალი წლის დღეც და წინა სამზადისიც წარმოადგენდა ერთ მთლიან ციკლს, რაც გამდიდრებული იყო მითოლოგიური პასაჟებით და საინტერესო ბმა ჰქონდა აწმყოსთან. უცნაურია რა კავშირი უნდა ჰქონდეს სამჭედლოს ახალ წელთან, თუმცა ეს ლამაზი ისტორია აუცილებლად აღნიშვნის ღირსია.

საქმე იმაშია, რომ აფხაზეთში, ყველა საგვარეულოში იყო სამჭედლო, ეს ერთ-ერთ წმინდა ადგილს წარმოადგენდა და ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალიც აქ სრულდებოდა. მითოლოგიურად სამყარო წარმოადგენდა სამსკნელიან ერთიანობას, სადაც სამჭედლო (ზესკნელი,შუასკნელი და ქვესკნელი) შუასკნელს, ერთგვარ  დამაკავშირებელს ჰგავს. მას ჰყავს მფარველი ღვთაება - შაშვ, რომელიც ცაზე ბედის ვარსკვლავს აჭედებს, სწორედ ის განსაზღვრავს თუ რამდენ ხანს იკაშკაშებს ვარსკვლავი ცაზე. ახალი წლის დადგომამდე ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ სამჭედლოში და ასრულებდნენ რიტუალს. ისინი სწირავდნენ პირუტყვს, ძირითადად თეთრ თხას. გრდემლის გარშემო იკრიბებოდნენ და მფარველ ღვთაებას ლოცვას აღუვლენდნენ, შემდეგ გრდემლზე დაკრავდნენ უროს და შაშვს შესთხოვდნენ, რომ მათი ბედის ვარსკვლავს დიდხანს ეკაშკაშა.ამ რიტუალისას ზედმიწევნით იცავდნენ წესებს, რადგან მიაჩნდათ, რომ აქ მათი ბედი წყდებოდა.

სამჭედლოს შემდეგ მოდის ყველასათვის საყვარელი ნაწილი - საგულდაგულოდ მომზადებული საახალწლო სუფრა, რომელშიც ბევრ საინტერესო და მადის აღმძვრელ კერძს შევხვდებით. სასიხარულოა, რომ მათი ნაწილი დღესაც აქტუალურია. ახალი წლის სუფრის მთავარი ელემენტი ენძელას ყვავილები იყო, ახალი წელი ხომ ახალი სიცოცხლის სიმბოლოა, ენძელა კი, უფერულ ზამთარში, თავის სიფერადით ათბობს გარემოს. ამიტომ მისი ყვავილები სახლის სხვა ნაწილებშიც იყო მიმოფანტული, როგორც სიმბოლო.

პირველი, რასაც სუფრის წევრები აკეთებენ, ჭიქა ღვინით ახალი წლის მილოცვაა. ცნობილია, რომ საახალწლოდ თავს ხდიდნენ შეწირულ ქვევრსაც. არომატული აჯიკები, მშრალად მომზადებული ხორცი ხშირად კვამლზე, არიცვიმგელი ანუ ნიგვზიანი მჭადი, რიტუალური კვერები, რომელთაც - აკვაკვარას ეძახიან, წკირზე შემწვარი ოქროსფერი ქათამი, აშვჩაპანა - გებჟალია გადაზელილი ყველით. ეს იმ ძირითადი კერძების ჩამონათვალია, რომლებსაც აფხაზურ სუფრაზე აუცილებლად შეხვდებოდით,  რაც შეეხება ნუგბარს აქ შეხვდებით მაზვარას - ქადებს ნიგვზისა და თაფლის შიგთავსით. რასაკვირველია სუფრას ამშვენებდნენ ფელამუში და აჯანჯუხი იგივე ჩურჩხელა.

ახალ წელს ყველას დანაწილებული აქვს საქმე. ტრადიციულად ვხვდებით მეკვლის ინსტიტუტსაც, რომლის „ფეხიც“ აუცილებლად ბარაქიანი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა ჩიჩილაკიც ასრულებდა თავის საქმეს და მისთვის სპეციალური კვერებიც კი ცხვებოდა. ახალგაზრდები გარეთ გადიოდნენ და მეზობლებსა თუ მეგობრებს ახალ წელს ულოცავდნენ, მათ მალანურებს უწოდებდნენ. საახალწლო ფართო სუფრაზე ვერ შეხვდებოდით ბავშვებს, ისინი ცალკე ისხდნენ და  ტკბილეულს აცმაცუნებდნენ. მამაკაცები საახალწლო დღეებში მხნედ უნდა ყოფილიყვნენ, რათა უფრო მეტი სტუმარი მიეღოთ. ქალბატონები კი მუდმივ ფუსფუსში იყვნენ, რათა უფრო გაემდიდრებინათ საახალწლო სუფრა.

თუ სახლის კარებს ჩაუვლიდით და მასზე თხილის წნულს ან ყვავილის მსგავს საკიდებს შეხვდებოდით, გეცოდინებოდათ, რომ ეს ტრადიციული ოჯახია და ზღურბლს თუ გადააბიჯებდით თქვენ სტუმარი იყავით, დიდი სიხარულით გეტყოდნენ  -  ქირსა ბზიალა, ჩაანბზიალა აშიყუს ჩიც! შობა-ახალ წელს გილოცავთ!

დროსთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა,როგორც ყველგან აფხაზეთშიც აქტუალურია გლინტვეინი და დიდი საშობაო ნაძვის ხე ქალაქის ცენტრში. მთავარი კი, რაც დრომ ვერ შეცვალა, ახალი წლის ღამეს ოჯახისა და მეგობრების ერთიანობაა.

Ишәыдаҳныҳәалоит Ашықәс Ҿыц!