გაჩერებული გაჩერება - უნიკალური არქიტექტურული ნამუშევრები აფხაზეთში

გაჩერებული გაჩერება - უნიკალური არქიტექტურული ნამუშევრები აფხაზეთში

რა უნდა იყოს იმაზე მეტი ინსპირაციის წყარო, ვიდრე ზღვა და მისი ბინადრები არიან? ალბათ ბევრი არაფერი.

როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა უნდა ვნახოთ აფხაზეთში, ჩამონათვალში მეტწილად ხვდება: ზღვა, სანაპირო, მთები, ტბები და კიდევ ბუნების უამრავი საგანძური, რითიც აფხაზეთი ნამდვილად მდიდარია. თუმცა, ალბათ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ აფხაზეთში ავტობუსის გაჩერებებსაც უნდა დააკვირდეთ, რადგან ბევრი მათგანი ნამდვილი ღირსშესანიშნაობაა.

ალბათ ხშირად შეგინიშნავთ, მაგისტრალზე, ან ქალაქების დამაკავშირებელ გზებზე არსებული გაჩერებები, რომლებიც უბრალოდ გადახურულია იმისთვის, რომ ადამიანი მოცდის პერიოდში არ დასველდეს, ან მზისგან ჩრდილს შეაფაროს თავი. ისინი ძირითადად არაფრით გამოირჩევიან,და ვერც დროის გაყვანაში დაგეხმარებიან, მაგრამ  თუ აფხაზეთში ხართ და გაგრას, ბიჭვინთასა და ახალ ათონს შორის მოგიწევთ მგზავრობა, გაჩერებებზე ავტობუსის ლოდინი ნამდვილად არ დაგღლით. ამის მიზეზი კი თავად გაჩერებების უნიკალური ხასიათია, რომელიც ერთი შეხედვით სულაც არ ჰგავს მოსაცდელს.

საქმე იმაშია, რომ დაახლოებით 60 წლის წინ არქიტექტორმა, ზურაბ წერეთელმა ავტობუსების გაჩერებების სახით გასაოცარი ნამუშევრები შექმნა. მისი ინსპირაცია ზღვა და ზღვის სამყარო იყო. ნაგებობები გიგანტურ ფერად ნიჟარებს მოგაგონებთ, ან სულაც გაფიქრებინებთ, რომ ზღვის ფსკერზე ხართ და მარჯნის რიფებში დაიკარგეთ, შესაძლოა ისიც იფიქროთ, რომ თქვენს გვერდით გიგანტური თევზი მოცურდა.

სიურეალისტური ნამუშევრები დახვეწილი და კრეატიული დიზაინისაა. მიუხედავად იმისა, რომ ზღვასთან კავშირი აშკარაა, ავტობუსის გაჩერებები უფრო მეტი ფიქრის საშუალებასაც გვაძლევს. ფერად-ფერადი ქვები, მოზაიკური მხატვრობა, ფერთა გადასვლები და სახელდახელოდ მოპირკეთებული თითოეული დეტალი შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ყოველ ავტობუსის გაჩერებაზე, თავად აფხაზეთის მრავალფეროვნება და მულტიკულტურულობაა გადმოცემული. ყოველი ფერი მკვეთრად არის გამოხატული, თითქოს მთლიანად ერგება მწვანე ბუნების ლანდშაფტს.

მიუხედავად საბჭოთა პერიოდის ცენზურისა, რომელიც ყველა სფეროს თანაბრად ეხებოდა, ეს არქიტექტურული ძეგლები ნამდვილად არ ჰგავს ერთფეროვან საბჭოურ ექსტერიერს. თავისი მრავალფეროვნებით იგი უფრო დასავლურს წააგავს, ან თუნდაც საკუთრივ აფხაზურს, რადგანაც აფხაზეთის მრავალფეროვანი ლანდშაფტი, მულტიკულტურულობა და მულტინაციონალურობა ნამდვილად იძლეოდა ფერადოვნების გამოხატვის საშუალებას არქიტექტურასა თუ სხვა მიმართულებაში.

დღეს ამ ძეგლების მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. ახლა ავტობუსის გაჩერებები, რომლებიც ადამიანებს მოცდის პერიოდს უხალისებდნენ, თავად არიან მოლოდინის რეჟიმში.

ფოტოები: Christopher Herwig