„ამრა“ - თავისუფლების კუნძული სოხუმში

„ამრა“ - თავისუფლების კუნძული სოხუმში

ყველა ქალაქს აქვს ადგილი „ამოჩემება“, სადაც იმ ეპოქის გამორჩეული ადამიანები იყრიან თავს. დღეს თბილისში ეს კაფე „სტამბაა“, ადრე, ამ ადგილას წიგნებს ბეჭდავდნენ, დღეს კი თბილისის ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდობა იყრის თავს. ასე ყოფილა თურმე რამდენიმე ათწლეულის წინ რესტორანში „ამრა“, სადაც სოხუმის გამორჩეული მულტიკულტურული და მულტინაციონალური ხალხი იყრიდა თავს. პოეტები, მხატვრები და არამხოლოდ, მიირთმევდნენ ყავას, გაცვლიდნენ იდეებს და სოხუმის ბულვარში კამათელსაც გააგორებდნენ, „დუ-შაში“. სოხუმი იყო ურთიერთობები - ასე იტყვიან ხოლმე, „ამრა“ კი, ადგილი, სადაც ეს ურთიერთობები ყალიბდებოდა და ვითარდებოდა. „ამრას“ მდებარეობაც ხელსაყრელი იყო შემოქმედებითი ურთიერთობებისთვის. აქედან ქალაქი ხელისგულზე მოჩანდა, ირგვლივ კი იყო ზღვა და ზღვაში მიმოფანტული ხომალდები და აფრიანი ნავები...

გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებული და სოხუმის იმ დროინდელი ინტელიგენციის ერთ-ერთ მთავარი ცენტრი, ორსართულიანი, ზღვაში შეჭრილი შენობა გახლდათ. პირველი სართულზე რესტორანი იყო განლაგებული, სადაც, როგორც ქალაქის სტუმრები იხსენებენ, უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური მზადდებოდა, მეორე სართულზე კი კაფე იყო, სადაც ქოლგების ქვეშ შეგეძლოთ დასხდომა და შოკოლადის ნატეხებიანი ნაყინისა და უგემრიელესი სოხუმური ყავის მირთმევა.

კადრი წარსულიდან: სოხუმი სიცხისგან დნება, ხოლო „ამრაში“, რესტორნის ღია ვერანდაზე, ქსოვილის ქოლგების ქვეშ, გემრიელი ყავითა და ნაყინით იმსუბუქებენ ცხელ დღეებს სოხუმელები და ქალაქის სტუმრები - რაღაც ძალიან საინტერესო სამხატვრო ლიტერატურული წიგნის დასაწყისს ჰგავს არა?!

როგორც იხსენებენ, „ამრა“ იყო თავისუფალი ცხოვრების კუნძული სოხუმში, სადაც ხალხს არ აინტერესებდა პოლიტიკა, აქ თავისი წესები ჰქონდა. „ამრაში“ არ საუბრობდნენ პოლიტიკაზე, არამედ შემოქმედებაზე და ხელოვნებაზე მხოლოდ.

ამრა

უახლესი მონაცემებით, სოხუმის „თავისუფლების“ სიმბოლო საფრთხეშია და სერიოზულ რესტავრაციას საჭიროებს.